მთივლიშვილი: დილით ვინც მანქანა დაგვიმტვრია, სახლში მომადგა - გამოძიება დაწყებულია

მთივლიშვილი: დილით ვინც მანქანა დაგვიმტვრია, სახლში მომადგა - გამოძიება დაწყებულია

მთის ამბების რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი Facebook-ზე წერს, რომ პირმა, რომელმაც დილით სამსახურის კუთვნილი ავტომობილი დაუზიანა, რის შესახებაც 112-ს შეატყობინა, მოგვიანებით სახლში მიაკითხა და კარზე უბრახუნებდა.

თავდაპირველად ჟურნალისტმა დაწერა, რომ მისული პატრული კრიმინალურ პოლიციას იძახებდა, თუმცა ადგილზე არავინ მიდიოდა. პოსტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 1 საათში ჟურნალისტმა განაახლა ინფორმაცია და თქვა, რომ ადგილზე მივიდა პოლიცია და გამოძიება დაიწყო. ის დაკითხვაზე გადაიყვანეს.

"დილით ვინც მანქანა დაგვიმტვრია, ახლა სახლში მომადგა და კარზე აბრახუნებს. არ ვუპასუხე. ისევ პარკინგზე ჩავიდა და ჩამოვვარდი შტატივით, რომ მანქანის დამტვრევა თუ სცადა, მოვიგერიო და თავიც დავიცვა. მთელი დღე ველოდი კრიმინალურ პოლიციას, რომელსაც პატრულმა ფაქტის დაფიქსირების შემდეგ საქმე გადასცა და არ მოვიდა არავინ. ახლა დამემუქრა კიდეც, ვითომ დანაშაულს ვაბრალებ. არადა, სახით მყავს იდენტიფიცირებული. ახლაც მოვიდა პატრული, იძახებს კრიმინალურ პოლიციას და არავინ მოდის. 39 სიცხით დამაწრიალებენ ასე.

მოვიდა პოლიცია, გავყევი დაკითხვაზე. გამოძიება დაიწყეს", - დაწერა გელა მთივლიშვილმა.

4 თებერვალს დილით მთის ამბების რედაქტორმა Facebook-ზე დაწერა, რომ სამსახურის კუთვნილი მანქანა დაუზიანეს.

"დილით სამსახურის კუთვნილი ავტომობილი დაგვიზიანეს. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ჩანაწერებში ჩანს, როგორ ესვრის ადამიანი ქვას განზრახ, სამჯერ, რომ საქარე შუშა ჩაამტვრიოს. 112-ს უკვე შევატყობინეთ. საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი ამავე კორპუსში ცხოვრობს და წვდომა აქვს როგორც უსაფრთხოების სისტემაზე, ასევე, სადარბაზოში შემოსასვლელ კოდებზე. მისთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია და ამიტომაც არის მოტივი გასაგები, რომ დაავალეს ამის გაკეთება!", - თქვა მან.