მთავრობა: ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიემგზავრება

მთავრობა: ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიემგზავრება

ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელი დასანქცირების ფონზე, ხვალ, პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრება.

როგორც ცნობილია, კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ორმხრივ შეხვედრებთან და გეგმებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია ოფიციალურად ხვალ გასაჯაროვდება.

***

ამერიკის ხმის ინფორმაციით, შტატებს ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აქვს შემუშავებული და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. ამერიკის ხმის ცნობით ეს ინფორმაცია, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის 2 პირმა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა კიდევ 2 წყარომ დაუდასტურა.

ამერიკის ხმის წყაროების ინფორმაციით, სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები მუშაობენ.

როგორც წყარო ამბობს, აქვთ ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა "გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა".

ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ერთი წყარო ამერიკის ხმას ეუბნება, რომ "აშშ-ს მთავრობას აქვს მომზადებული სანქციების პაკეტი და მზად არის მიიღოს ის. სიახლე ის არის, რომ ადრე ეს უბრალოდ განიხილებოდა, ხოლო ახლა არის პაკეტი, რომელიც მზად არის განსახორციელებლად".