სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის გოგა რაზმაძის საქმის შეწყვეტას გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის შემდეგ ეხმაურება და ამბობს, რომ რაზმაძის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სახალხო დამცველმა იმ საქმის წარმოება შეწყვიტა, რომლითაც რაზმაძე შს მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ედავებოდა
ომბუდსმენის მტკიცებით, აპარატმა იმსჯელა დამატებითი ახსნა-განმარტებების მოძიებისა და მოწმეთა გამოკითხვის თაობაზე, თუმცა, "აღნიშნულის საჭიროება არ გამოკვეთილა".
"საქმეთა შესწავლის თუ გადაწყვეტილებათა მიღების დროს აპარატი მოქმედებს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და არაერთი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ამდენად, საქმის განხილვისას, შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლის მიზნებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და განხორციელდა კანონით გათვალისწინებული, საქმისთვის აუცილებელი და რელევანტური ღონისძიებები.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა იმსჯელა დამატებითი ახსნა-განმარტებების მოძიებისა და მოწმეთა გამოკითხვის თაობაზე, თუმცა, აღნიშნულის საჭიროება არ გამოკვეთილა.
დამატებით, საქმეზე გადაწყვეტილების სამართლებრივ ნაწილში, სახალხო დამცველმა შეაფასა შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ფორმის, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები; ამასთან, ცალკე მსჯელობა დაეთმო პოლიციელთა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს, ევროსასამართლოს პრაქტიკისა და პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსის ანალიზს.
სახალხო დამცველი პატივს სცემს ნებისმიერი პირის გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, კრიტიკულ დამოკიდებულებას აპარატის საქმიანობის მიმართ, თუმცა, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი კონსტიტუციური ორგანო, დამოუკიდებელია თავის შეფასებებში და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფაქტების და შესაბამისი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე იღებს"- ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება მიღებული გადაწყვეტილების სრულად გასაჯაროების საკითხს, ომბუდსმენი ამბობს, რომ "პატივს სცემს და იცავს განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებს", რის გამოც სრული ტექსტის გამოქვეყნება "მიზანშეუწონლად" მიაჩნია.
ომბუდსმენის მიერ საქმის შეწყვეტის შესახებ 30 ოქტომბერს თავად გოგა რაზმაძემ Facebook-ზე დაწერა.
რაზმაძე აცხადებს, რომ იოსელიანის მიერ საქმის შეწყვეტის დასაბუთება "სამარცხვინოა".
მისივე ინფორმაციით, იოსელიანმა საქმის შესწავლისას რაზმაძის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ასევე, არ გამოკითხა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის მოწმე არცერთი პირი.
***
12 ივლისს გოგა რაზმაძემ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, Facebook-ზე გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც ისაუბრა სამინისტროში დისკრიმინაციის და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ მის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტზე.
გოგა რაზმაძის თქმით, 4 ივლისს, საგამოძიებო სამსახურს მიმართა და განცხადებაში აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დროულად დაწყებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა მტკიცებულებების (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) განადგურების თავიდან ასაცილებლად.
28 ივლისს, გოგა რაზმაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მისი საქმის გამოძიებაზე უარი თქვა.