მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბელგოროდის საზღვრისპირა სოფლები დატოვა - გლადკოვი

მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბელგოროდის საზღვრისპირა სოფლები დატოვა - გლადკოვი

ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ საზღვრისპირა სოფლებისა და გრაივორონსკის რაიონის რაიონული ცენტრის მოსახლეობის უმრავლესობამ ტერიტორია დატოვა. ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო მედია ავრცელებს.

მანამდე, გლადკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აკეთებენ ყველაფერს, რათა "უკრაინულ დივერსიულ ჯგუფებს წინააღმდეგობა გაუწიონ". დღესვე ოლქში ამოქმედდა ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი, რომელიც სპეციალურ ზომებსა და დროებით შეზღუდვებს ადგენს.

"ახლა ვასრულებთ საზღვრისპირა სოფლებისა და თავად გრაივორონის კარდაკარ შემოვლას. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ტერიტორია დატოვა. ვისაც საშუალება არ აქვს, ვეხმარებით საკუთარი ტრანსპორტით, ვისაც შესაძლებლობა აქვს, წავიდნენ საკუთარი ტრანსპორტით", - განაცხადა გლადკოვმა.

***

რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ბელგოროდის ოლქში დაძაბული ვითარება და აფეთქებებია. რეგიონში ვითარება 21 მაისს, გვიან ღამით დაიძაბა. რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებენ ცნობებს, რომ "უკრაინელი დივერსანტები" ცდილობენ ბელგოროდის ოლქში შეღწევას. მოგვიანებით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათი საკონტროლო გამშვები პუნქტი სახელწოდებით გრაივორონი, რომელიც ბელგოროდის ოლქში მდებარეობს, ალყაში მოაქციეს. მათივე მტკიცებით, გამშვები პუნქტი ბირთვული იარაღის საცავის მახლობლად მდებარეობს.

მოგვიანებით, ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია". პესკოვი ამბობს, რომ "უკრაინის დივერსიის მიზანი ბახმუტის მიმართულებით არსებული სიტუაციიდან ყურადღების გადატანაა".

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ "უკრაინა პირდაპირ არ არის დაკავშირებული ბელგოროდის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან". უკრაინულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ ბელგოროდში ოპერაციას რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ატარებენ.

განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა თავად ხსენებულმა მებრძოლებმაც უკვე აიღეს. ისინი აცხადებენ, რომ "რუსეთის საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ქმნიან, საიდანაც რუსული არმია უკრაინაზე თავდასხმას ვერ შეძლებს". ლეგიონის მებრძოლების თქმით, მათი მიზანი "რუსეთის სრული გათავისუფლებაა".