მოლდოვამ დსთ-ს სტრუქტურებიდან გასვლის პროცესი დაიწყო

მოლდოვამ დსთ-ს სტრუქტურებიდან გასვლის პროცესი დაიწყო

მოლდოვამ დსთ-ს სტრუქტურებიდან პროცესი დაიწყო - საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის პროცედურის დაწყების შესახებ მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მოქალაქეებთან, მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, ასევე, პრეზიდენტ მაია სანდუსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

"30 წლის შემდეგ, სრულიად ცხადია მოლდოვის რესპუბლიკის ყოფნა დსთ-ს სტრუქტურებში არ დაგვეხმარა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებაში, რუსეთის არმის ტერიტორიიდან გაყვანაში და არ დაგვიცვა ეკონომიკური ემბარგოსგან ყველაზე რთულ პერიოდში, დსთ-ში ყოფნამ არ დაგვიცვა შუა ზამთარში ენერგეტიკული შანტაჟისა და მუქარისგან, მტრული, ოფიციალური განცხადებებისგან მოლდოვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. დსთ-ში ყოფნა არ იცავდა მონაწილე ქვეყნებს სამხედრო თავდასხმებისა, ომისა და სუვერენული ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისგან.

მას შემდეგ, რაც მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სახელმწიფომ, რუსეთის ფედერაციამ ბარბაროსულად შეუტია სხვა დამფუძნებელ სახელმწიფოს, უკრაინას, მოახდინა ტერიტორიების ოკუპაცია და მისი მოქალაქეები დახოცა, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობას ვეღარ ვუწოდებთ", - განაცხადა მან.

მოლდოვას, რომელსაც გასულ წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს, საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვების შემდეგ, პროდასავლური კურსი აქვს აღებული, ხოლო რუსეთისგან გაძლიერებულ ზეწოლას განიცდის. სანდუმ მიმდინარე წლის თებერვალში ისაუბრა, რომ რუსეთი მისი ხელისუფლების გადაგდებას ცდილობდა - მოლდოვაში პრორუსული პარტიის ორგანიზებით გაიმართა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები. მისი თქმით, რუსეთი გეგმავდა, ხალხი ქვეყნის გარედან შემოეყვანა, რათა მოლდოვაში არეულობა მოეწყოთ. თუმცა, მისი თქმით, რუსეთის გეგმა არარეალისტურია, მაგრამ საფრთხეს უქმნის მოლდოვის ხელისუფლების პროევროპულ ძალისხმევას.