მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ აეროპორტში ის რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტს გამოხატავს და დისკომფორტს უქმნის.
ვიდეოში ჩანს, რომ წიწიკაშვილი დეპუტატს მიმართავს და ეუბნება, რომ ის ემიგრანტი დედის შვილი და ამაყი მოქალაქეა, ხოლო ჯაფარიძე ამ რეპლიკაზე პასუხობს: "გეტყობა".
"84-დან ერთ-ერთმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სიმართლე კიდევ ერთხელ მოისმინა. ამჯერად მე ვუთხარი, რომ რუსული კანონით მან და მისმა კოლეგებმა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი დაასამარეს და ამის გამო უნდა რცხვენოდეთ. ვიქტორ ჯაფარიძე, ერთი მხრივ, თურმე მედგრად ეწინააღმდეგება გლობალური ომის პარტიას, რომლის ზეწოლასაც ვერ უძლებს ამერიკა, NATO და ევროკავშირი, თუმცა, მას როგორც ჩანს, არ შეუძლია მოქალაქისგან საწინააღმდეგო აზრისა და კრიტიკის მოსმენა...
ვიდეო - ინციდენტის ერთი მონაკვეთია, თუმცა, მასში ასახულია მომენტი, სადაც დეპუტატი ჩემს რეპლიკას, რომ ვარ ემიგრანტი დედის, ეთნიკურად ოსის შვილი და ასევე საქართველოს ამაყი მოქალაქე, პასუხობს სიტყვით "გეტყობა". არა რუსულ კანონს! წინ ევროპისკენ!", - ამბობს წიწიკაშვილი.
მომხდარის შემდეგ, პოლიციამ მარიამ წიწიკაშვილი, "წვრილმანი ხულიგნობის" მუხლით დააკავა. მისივე ცნობით, გაიმართა სასამართლო პროცესიც, რომელიც 19 ივნისს გაგრძელდება. რაც შეეხება წიწიკაშვილის თანმხლებ პირს, მას გაფრენის საშუალება არ მისცეს.
"ინციდენტის" ამოწურვიდან მალევე, გამომეცხადა პოლიცია. მე და ირინას ჩამოგვართვეს პასპორტები და ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა უწყების შავებში ჩაცმული წარმომადგენლები ერთი-მეორეს მიყოლებით მხოლოდ ჩვენი სამუშაო ადგილით ინტერესდებოდნენ. საბოლოოდ, მე გამომიცხადეს, რომ 166-ე მუხლით, "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის" საბაბით, როგორც "წვრილმანი ხულიგანი" დამაპატიმრეს, ირინას გამოუცხადეს, რომ გადაწყვეტილი იყო, ბორტზე არ აუშვებდნენ და გასაფრენი დარბაზი დაატოვებინეს.
ჩემი სასამართლო მალევე გაიმართა, თუმცა, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მიზნით პროცესი 19 ივნისამდე გადაიდო. პოლიცია, ალბათ, ეძებს იმ ადამიანებს, ვისი სიმშვიდეც "დაირღვა", - წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.