სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იტალიის ელჩს შეხვდნენ და ერთობლივი წერილი გადასცეს, რომელსაც ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. ორგანიზაციები წერილით ითხოვენ, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა მკაფიოდ დაინახონ სამოქალაქო საზოგადოების ურყევი პოზიცია.
"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, სწორედ ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების განცხადება, შეხვედრები ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მივიტანოთ გზავნილები და ვთხოვოთ, რომ საქართველოს მხარდაჭერა ჰქონდეს, როდესაც უკვე გადაწყვეტილებაზე მიდგება საკითხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტატუსი ბევრი მიმართულებით და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს გვაძლევს საშუალებას საქართველოში ეროვნულ დონეზე დაიწყოს სასამართლო რეფორმა, რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით", - აცხადებს ორგანიზაცია "სამართლიანი გუშაგის" ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი.
ორგანიზაცია დემოკრატიის მცველების წევრი რაფიელ კაკაბაძე ამბობს, რომ ამ წერილით ითხოვენ, "მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს და ამ ისტორიულ მომენტში მიანიჭონ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი".
""14-15 დეკემბერს, როდესაც იქნება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების დღე ევროპული საბჭოს მიერ, ვთხოვთ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს და ამ ისტორიულ მომენტში, მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი და ამით კიდევ ერთხელ გვსურს გამოვხატოთ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების მტკიცე ნება და სურვილი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა", - აცხადებს კაკაბაძე.
იტალიის საელჩომდე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საბერძნეთის საელჩოშიც იმყოფებოდნენ. ამასთან, მათ მსგავსი წერილები გადასცეს საფრანგეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ელჩებსაც.
ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიამ სამუშაო დოკუმენტი გაასაჯაროვა, სადაც მიმოხილულია საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
გაფართოების შესახებ ევროკომისიის მოსაზრებაში მითითებულია 9 დათქმა და საუბარია მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე - ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. ასევე, დაასრულოს და განახორციელოს სრული და ეფექტური სასამართლო რეფორმა, გააუმჯობესოს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციაზე, დამატებით მიაქციოს ყურადღება პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხს და სხვა.