პარტია გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა საქალაქო სასამართლოს მიერ ლაზარე გრიგორიადისისთვის გამოტანილ განაჩენს განცხადებით ეხმაურებიან და ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერას უცხადებენ.
პარტიები აცხადებენ, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, რომლის თანახმადაც, ლაზარე გრიგორიადისი მამის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნეს და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, "ქართული ოცნების ხელისუფლება ლაზარე გრიგორიადისს სამაგალითოდ სჯის".
"გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას სისტემის მიერ მძევლად აყვანილ ლაზარე გრიგორიადისს. ოჯახური კონფლიქტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, ლაზარე გრიგორიადისთვის წელიწადი და 6 თვე მიესაჯა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მას სამაგალითოდ სჯის.
ლაზარე გრიგორიადისი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარტის აქციების მონაწილე და ქართველი ახალგაზრდების ევროკავშირისათვის ბრძოლის სიმბოლოა. მარტის აქციებმა ქართული ოცნების რუსული მიზნების სრული ლუსტრაცია მოახდინა. ამიტომ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ახალგაზრდა თაობაში მუხტი ისევ შიშის დათესვით ჩააქროს. თაობაში, რომელიც რუსეთში ცხოვრებას არასდროს შეეგუება.
სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს საქმის პოლიტიზებულობას და ცინიკურობას. ოჯახური კონფლიქტის საქმე, რომლის დროსაც ლაზარე არასრულწლოვანი იყო, 2 წლის განმავლობაში თაროზე იდო. საქმეზე განაჩენი სწორედ ახლა, 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვისას გამოიტანეს. ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როცა თავად ქართული ოცნების ორგანიზებული ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების მიერ ჩადენილი არცერთი დანაშაული ბოლომდე არ გამოძიებულა", - ნათქვამია პარტიების ერთობლივ განცხადებაში.
25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო ბექა გრიგორიადისის მანქანის დაზიანებაშიც და ამისთვის სასჯელის სახით 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.
საუბარია 2021 წლის საქმეზე, სადაც ლაზარე გრიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და მისი კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებას ედავებოდნენ.
მარტის აქციაზე დაკავების შემდეგ, პროსახელისუფლებლო ტელეკომპანია POSTV-იმ გრიგორიადისის ფოტო გამოაქვეყნა აღწერით "წარსულში მამის მიმართ ძალადობაზე ნასამართლევი, ხოშტარიას პარტიის წევრი".
მოგვინებით ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, გავრცელებულ ინფორმაციას ფეისბუქზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი შვილის გაშავების პროცესი მიმდინარეობს.
მამამ შვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა რადიო თავისუფლებასთანაც და თქვა, რომ წარსულში "პატარა ოჯახური შელაპარაკება" ჰქონდათ, თუმცა საკითხი ამოწურულია.
***
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული".