მიშელის თქმით, რუსული კანონი საქართველოს EU-ში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს

მიშელის თქმით, რუსული კანონი საქართველოს EU-ში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს. ამის შესახებ მან Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მინდა ვთქვა გარკვევით: ეს კანონპროექტი პარლამენტში კენჭისყრით იქნა მიღებული - ეს არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, პირიქით. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო", - დასძინა მან.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მოხდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის შედეგად, მიშელი ამბობს, რომ "საქმე აქამდე არ მისულა, მაგრამ ევროკავშირის სტანდარტების საწინააღმდეგო ნებისმიერი განვითარება ზეგავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს".

"გაფართოების პროცესი არის დამსახურებაზე დამყარებული პროცესი და იდეა კანდიდატი ქვეყნებისთვის - მათთვის, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება - იდეა არის, რომ ისინი პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს", - თქვა მიშელმა ინტერვიუში.

მიშელის თქმით, თუ მმართველი პარტია კენჭს უყრის ისეთ კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება აღნიშნულ პრინციპებსა და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე.

17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს.

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.