ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი და მისი წევრობის მსურველი ქვეყნები 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ. მიშელმა ეს განცხადება სლოვენიაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ამ კონტექსტში ახსენა მოლდოვა, უკრაინა და საქართველო და აღნიშნა, რომ გაფართოება ოცნება აღარაა და დროა, ორივე მხარემ წინ წაიწიოს
"უფრო ძლიერი და უსაფრთხო რომ ვიყოთ, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს კავშირები და უნდა გახდეს უფრო ძლიერი. ამიტომ, სწორედ ახლაა დრო, რომ მოვაგვაროთ გაფართოების საკითხი ევროკავშირისთვის და მომავალი წევრებისთვის. დიახ, დარწმუნებული ვარ, ასე უნდა ვუწოდოთ ქვეყნებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ ევროპული პერსპექტივა. დროა, თავიდან ავიცილოთ ორაზროვნება; დროა დავდგეთ გამოწვევების წინაშე მკაფიოდ და გულწრფელად.
კრემლი ახორციელებს თავდასხმას არამხოლოდ თავისუფალ და სუვერენულ მეზობლებზე, არამედ ყველაფერ იმაზე, რისიც გვწამს: თავისუფლებზე, დემოკრატიაზე, პროგრესზე და თანამშრომლობის სულისკვეთებაზე. შარშან ივნისში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა უკრაინასა და მოლდოვისთვის, ასევე იგივე სტატუსი მიგვეცა საქართველოსთვის, როდესაც ის დაასრულებს საჭირო ნაბიჯებს. ახლა გაფართოება აღარაა ოცნება, დროა წინ წავიწიოთ. ბევრი სამუშაოა, ასევე იქნება რთული, ზოგჯერ მტკივნეული მომავალი წევრებისთვის და ევროკავშირისაც, მაგრამ მოდით ვიყოთ მკაფიო - უნდა ვილაპარაკოთ დროსა და საშინაო დავალებაზე. მაშინ, როდესაც ვემზადებით ევროკავშირის შემდგომ დღის წესრიგზე, უნდა დავუსახოთ საკუთარ თავს მკაფიო მიზანი, ჩვენ ორივე მხარე 2030 წლისთვის მზად უნდა ვიყოთ გაფართოებისთვის"- თქვა მიშელმა.