მიქელაძე: სადიგოვის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ციხის კლინიკაში გადაიყვანეს

მიქელაძე: სადიგოვის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ციხის კლინიკაში გადაიყვანეს

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორის თამთა მიქელაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და ის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"როგორც მოსალოდნელი იყო, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მეუღლეს ახლა შეატყობინეს, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს დაუძლურებული პატიმარი. არაადამიანურია, რაც ამ პატიოსანი ჟურნალისტის და მისი ოჯახის თავს ხდება. ორივე მთავრობას დანაშაულებრივად აქვს პირი შეკრული ჟურნალისტების ოჯახის წინააღმდეგ და ყველაფერს კადრულობს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ ერთსულოვანი სოლიდარობა ვაჩვენოთ სადიგოვების ოჯახის მიმართ. ამ საქმეზე უფრო დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მივაწვდით საზოგადოებას და მედიას"- წერს მიქელაძე.

სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე მიქელაძე 6 ოქტომბერსაც წერდა. იურისტის თქმით, სადიგოვს დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო.

***

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება საქართველოში და დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. 18 ივლისს აფგან სადიგოვს ოჯახთან ერთად თურქეთში გამგზავრება სურდა, მაგრამ ამის საშუალება მესაზღვრეებმა არ მისცეს და უთხრეს, რომ მეუღლესა და შვილებს შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთა, თუმცა აფგან სადიგოვს მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ჟურნალისტს მიზეზი არ განუმარტეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა ინფორმაცია აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ საქმის აღძვრისა და მის მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ. თავად სადიგოვი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

13 მაისს აზერბაიჯანულმა მხარემ სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნით საქართველოს მიმართა.

ჟურნალისტი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მან მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ ის ძებნილია და მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას ბრალი ედება დანაშაულში, რომელიც გათვალისწინებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 188.2.2 და 182.2.4 მუხლებით - „გამოძალვა, უცხო ადამიანისაგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა არაერთგზის“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს აღკვეთი ღონისძიების სახით, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე ჟურნალისტს უარი უთხრა.

21 სექტემბერს კი ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.