მიქელაძე: სადიგოვის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეუძლია

მიქელაძე: სადიგოვის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეუძლია

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა "ძალიან დამძიმდა".

მიქელაძე აღნიშნავს, რომ სადიგოვს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

"უკვე 16 დღეა, რაც აფგან სადიგოვი, უკანონო პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ციხეში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. მეუღლემ პარასკევს მოინახულა ციხეში და გამიზიარა, რომ მას დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეუძლია - იმდენად სუსტადაა. აზერბაიჯანში მეორე უკანონო პატიმრობის დროს ის 242 დღე შიმშილობდა, რა დროსაც წონაში 95 კგ-დან 40 კგ-მდე დაიკლო. მას განუვითარდა მძიმე დაავადებები და რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდა.

საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანიც წინა წელს სწორედ სათანადო რეაბილიტაცია იყო. ხელახალი შიმშილობა მისთვის ძალიან რთულია და არავინ იცის, როგორ გადაიტანს ამ პროცესს მისი დასუსტებული ორგანიზმი. შიმშილობა მისთვის საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებისა და ყურადღების მიქცევის უკანასკნელი გზაა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე - როგორ შეიძლება შენი პირადი ინტერესები ადამიანების სიცოცხლეზე, ღირსებასა და უფლებებზე მაღლა დააყენო?

ადამიანი ციხეში ჩააგდეს, მაშინ როცა აზერბაიჯანს ჯერ ექსტრადიციისთვის შესაბამისი სისხლის სამართლის მასალებიც კი არ გამოუგზავნია და არც აფგან სადიგოვისთვის გადაუცია პროკურატურას. მნიშვნელოვანი ჩვენი მედიის აქტიურობა მათი კოლეგის საქმეზე", - წერს თამთა მიქელაძე.

***

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება საქართველოში და დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. 18 ივლისს აფგან სადიგოვს ოჯახთან ერთად თურქეთში გამგზავრება სურდა, მაგრამ ამის საშუალება მესაზღვრეებმა არ მისცეს და უთხრეს, რომ მეუღლესა და შვილებს შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთა, თუმცა აფგან სადიგოვს მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ჟურნალისტს მიზეზი არ განუმარტეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა ინფორმაცია აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ საქმის აღძვრისა და მის მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ. თავად სადიგოვი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

13 მაისს აზერბაიჯანულმა მხარემ სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნით საქართველოს მიმართა.

ჟურნალისტი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მან მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ ის ძებნილია და მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას ბრალი ედება დანაშაულში, რომელიც გათვალისწინებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 188.2.2 და 182.2.4 მუხლებით - „გამოძალვა, უცხო ადამიანისაგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა არაერთგზის“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე ჟურნალისტს უარი უთხრა.

21 სექტემბერს კი ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.