
მიანმარში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1,600-ს აღემატება, ხოლო ათასობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის მეორე უდიდესი ქალაქის, მანდალაის მახლობლად მდებარეობდა, რაც მასშტაბური ნგრევისა და მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის მიზეზი გახდა.
გაეროს (UN) განცხადებით, ქვეყანაში მწვავე დეფიციტია სამედიცინო მარაგებისა, რაც საგრძნობლად ართულებს მაშველებისა და სამედიცინო პერსონალის მიერ ოპერაციების ჩატარებას.
მაშველთა ჯგუფები კვლავ აგრძელებენ ნანგრევებში გადარჩენილების ძიებას როგორც მიანმარში, ისე მეზობელ ქვეყნებში. მანდალაიში, ტრაგედიიდან 30 საათის შემდეგ, მაშველებმა ერთი ქალი ცოცხალი ამოიყვანეს ნანგრევებიდან.
სტიქიამ მძიმე ზიანი მიაყენა ასევე ტაილანდის დედაქალაქს, ბანგკოკს, სადაც მშენებარე ცათამბჯენი მთლიანად დაინგრა. ბოლო ინფორმაციით, ბანგკოკის მეტროპოლიტენის ადმინისტრაციის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, ხოლო 83 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
მაშველები განაგრძობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების, მათ შორის, მანდალაის ერთ-ერთ სკოლამდელ დაწესებულებაში დაკარგული ბავშვების ძებნას.
ბანგკოკში ერთ-ერთი ჩამონგრეული ცათამბჯენის ტერიტორიაზე 12 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, თუმცა, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზარდოს.
სამაშველო ოპერაციებთან ერთად, სპეციალისტები რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავებასაც აფასებენ. საერთაშორისო სამაშველო კომიტეტის (IRC) წარმომადგენელმა ლორენ ელერიმ BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ გასულ წელს რეგიონში ძლიერი წყალდიდობა მოხდა, რომელმაც დააზიანა საცხოვრებელი სახლები და სანიტარული ინფრასტრუქტურა.
მისი თქმით, "მაისში რეგიონში მუსონური სეზონი იწყება, ხოლო აპრილიდან უკვე მოსალოდნელია ინტენსიური წვიმები. მიანმარი ისედაც ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში ცხოვრობს – გვალვიდან სწრაფად გადადის ძლიერ წვიმებსა და ქარიშხლებში. ადამიანები, რომლებიც მიწისძვრამ უკვე დააზარალა, ვერ შეძლებენ თავი შეაფარონ უსაფრთხო ადგილებს, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს ჰუმანიტარულ კრიზისს."
მაშველები და საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ მსოფლიოს, მიანმარსა და ტაილანდს გადაუდებელი დახმარება გაუწიონ, რათა დაზარალებულებს პირველადი დახმარება დროულად მიეწოდოს.