საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, გურიის დამეწყრილი სოფლებიდან 62 ადამიანია გამოყვანილი.
"მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდებოდა მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას გამოყვანა დამეწყრილი სოფლებიდან. 62 ადამიანია გამოყვანილი, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები.
მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები და მიმდინარეობს ინტენსიურად თითოეულ სოფელში, თითოეულ მოსახლესთან კომუნიკაცია საჭიროებიდან გამომდინარე", - ამბობს მღებრიშვილი.
გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა 3 ცხედარი იპოვეს.