საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე გურიაში ვერტმფრენის ჩართულობა არ არის საჭირო.
"მობილიზებულია, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200 თანამშრომელი, ასევე პოლიციის დანაყოფები, მუნიციპალური სამსახურები და ინფრასტრუქტურის ქვეკონტრაქტორი მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებით მიმდინარეობს სოფლამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ამ ეტაპზე არის ისეთი ადგილები, სადაც საჭიროა ბოლომდე მისვლა, ითხოვენ გამოყვანასაც, ამის გამო ჩვენ მობილიზებული გვყავს მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, რისი საშუალებითაც მოვახდენთ შესვლას იმ სოფლებში, სადაც ჩამოწოლილი მეწყრის გამო ვერ მოხერხდა ბოლომდე მისვლა. ამ ეტაპზე ვერტმფრენის ჩართულობა არ არის საჭირო. ვერტმფრენი იყო მობილიზებული, თუმცა რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა ამ მხრივ ცოტა შეგვაფერხა, თუმცა ვერტმფრენის ჩართულობის საჭიროება არ დადგა", - ამბობს მღებრიშვილი.
გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა 2 ცხედარი იპოვეს, დაკარგულ 1 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.