მეზვრიშვილი ლაზერის მიმნათებლებზე: იგივე ხალხია, ვინც 9 ოქტომბერს ჩვენს გუნდს დაესხა თავს

მეზვრიშვილი ლაზერის მიმნათებლებზე: იგივე ხალხია, ვინც 9 ოქტომბერს ჩვენს გუნდს დაესხა თავს

პარტია გახარია - საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ისინი, ვინც პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის დროს ლაზერს ანათებდნენ, იგივე ხალხია, რომლებიც მათი გუნდის წევრებს 9 ოქტომბერს თავს დაესხნენ.

მეზვრიშვილის თქმით, მათი გუნდის წევრებზე თავდასხმის საქმეზე რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

"გუშინ პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება ოცნების დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს ამაღლების ქუჩაზე თავს დაესხა ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს. ოცნება იქამდე მივიდა, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ახალგაზრდებს იყენებს.

ეს არის შედეგი დაუსჯელობის. 10 დღეზე მეტია გასული, რაც ამაღლების ქუჩის დანაშაულზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ და არანაირი რეაგირება.

უმოქმედობას კონრეტული შედეგები მოჰყვა სხვა შემთხვევებშიც. ქსანში ჩვენი გუნდის წევრ ლია ყოჩიშვილის მიმართ მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიების დაწყების ნაცვლად, 19 ოქტომბერს დაზარალებულ ლია ყოჩიშვილის დედას თავს დაესხა კორუმპირებული დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი გია ჯიქია მისი არასრულწლოვანი შვილის მეშვეობით. აქაც ოცნებამ არასრულწლოვანი გამოიყენა.

სენაკში სკოლის დირექტორის შორენა შამათავას უკანონოდ გათავისუფლებაზე რეაგირების ნაცვლად, სკოლის მოქმედმა დირექტორმა 3 ოქტომბერს შორენა შამათავას მიმართ ზეწოლა მისი პოლიციის უფროსი ქმრის მეშვეობით გააგრძელა, რის გამოც ემოციურ ნიადაგზე შორენა შამათავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. განგრძობად დანაშაულზე რეაგირების ნაცვლად კი, 19 ოქტომბერს პოლიცია დანაშაულის მიჩქმალვას შეეცადა და შორენა შამათავა პოლიციაში იმისთვის დაიბარეს, რომ დაეფიქსირებინა თითქოს პრეტენზია არ ჰქონდა.

ვანში პოლიციის უფროსის მიერ ჩვენი გუნდის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების ნაცვლად, ჩვენი გუნდის წევრ გიორგი სვანაძის მიმართ ადევნება და თვალთვალი გრძელდება.

დღემდე საგამოძიებო ორგანოებში შეტანილ არც ერთ საარჩევნო დარღვევაზე რეაგირება არ ყოფილა, რაც გზას უხსნის წინასაარჩევნო კვირაში კიდევ უფრო მეტ ძალადობას.

მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ უწყებას რეაგირებისკენ. 26 ოქტომბრის არჩევნები არის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტი და ამ არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა არავის ეპატიება. პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული", - თქვა მეზვრიშვილმა.

გუშინ, 20 ოქტომბერს პროევროპულ მარშზე სიტყვით გამომსვლელებს, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სასტუმროს ტერისიდან ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები ლაზერებს ანათებდნენ.