სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების საქმეზე სამართალდამცავი ამხილა.
გამოძიების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, 2022 წლიდან მის მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა.
"აღნიშნული კონფლიქტის ნიადაგზე, 2024 წლის 10 აგვისტოს, ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კერძოდ, სამართალდამცავმა და მისმა ოჯახის წევრმა მათი მეზობელი-დაზარალებული დააგდეს მიწაზე და სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა სისხლმდენი დაზიანებები მიიღო. ამასთან ძალადობის შემდეგ, ბრალდებული დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს, თუ ეს უკანასკნელი აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცავ უწყებაში განაცხადებდა", - აღნიშნავენ საგამოძიებო სამსახურში.
საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამართალდამცავს და მის ოჯახის წევრს წარედგინათ ბრალდებები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1 (პრიმა) ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.