
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი გერმანიის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა.
ეგზიტპოლის მიხედვით, არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატები ლიდერობენ, ის კი სავარაუდოდ, გერმანიის ახალი კანცლერი იქნება.
მერცმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მალე ჩამოყალიბდეს მთავრობა.
"ახლა ჩვენ ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს მთავრობა. გარესამყარო არ გველოდება...
მსოფლიოში ყველა ხედავს, რომ გერმანიას ჰყავს საიმედო და სანდო მთავრობა. დღეს ჩვენ ვიზეიმებთ და ხვალიდან გავაგრძელებთ მუშაობას" - თქვა მან.
გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ლიდერობს 29%-ით, ხოლო პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის - 19,5% მიიღო.
რაც შეეხება ეგზიტპოლის მიხედვით მეორე ადგილზე გასულ ულტრამემარჯვენე პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის, მათ 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმაღლესი შედეგი მიიღეს - პარტიის მხარდაჭერის მაჩვენებელი 2021 წლის არჩევნებთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მემარცხენე სოციალურ-დემოკრატიული პარტია კი მესამე ადგილზეა.
ასევე, 5%-იან ბარიერთან ახლოს არიან სარა ვაგენკნეხტის კავშირი - 4.7%-ით და თავისუფალი დემოკრატები - 4.9%-ით.
არჩევნების შედეგების მიხედვით მანდატების განაწილების შემდეგ, პარტიული ჯგუფები კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
გერმანიაში 23 თებერვალს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის ფორმირება მნიშვნელოვანი საკითხია.
მერცის პარტიას, მიუხედავად ლიდერობისა, არ აქვს აბსოლუტური უმრავლესობა, რაც კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობას განაპირობებს. AfD-სთან თანამშრომლობა სხვა პარტიებისთვის მიუღებელია, მათი ულტრამემარჯვენე პოზიციების გამო.
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ CDU კოალიციის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს გამართავს SPD-სა და მწვანეებთან.