მედია: უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ჰელიუმის ქარხანას დაარტყეს

მედია: უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ჰელიუმის ქარხანას დაარტყეს

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) დრონებმა რუსეთის ორენბურგში მდებარე „ორენბურგის ჰელიუმის ქარხანას“ დარტყმა მიაყენეს, – ამის შესახებ Unian-ს სამხედრო დაზვერვის წყარომ განუცხადა.

როგორც წყარომ აღნიშნა, ეს არის ერთადერთი საწარმო რუსეთში, რომელიც აწარმოებს კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტს – ჰელიუმს, რომელიც გამოიყენება რაკეტების წარმოებაში, კოსმოსურ და ავიაციურ ინდუსტრიაში. ქარხნის წლიური სიმძლავრე დაახლოებით 15 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს ამუშავებს, რაც მას ერთ-ერთ უმსხვილეს ჰელიუმის მწარმოებლად აქცევს ევროპაში.

მომხდარის დროს ადგილობრივებმა შენიშნეს უპილოტო აპარატების ფრენა და აფეთქებების სერია ქარხნის რაიონში. დაახლოებით 20:00 საათზე რუსეთის ხელისუფლებამ გადაკეტა ფედერალური გზის М-5 „ურალი“ მონაკვეთი პერევოლოცკოესა და ხოლოდნიე კლიუჩებს შორის, სადაც შეტევის ობიექტი მდებარეობს.

ГУР-ის ცნობით, ქარხანა პირდაპირ არის ჩართული რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ და წარმოადგენს ერთ-ერთ საკვანძო ობიექტს ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში.

10 აგვისტოს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ასევე დრონებით დაარტყა უქტას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კომის რესპუბლიკაში, რომელიც 2 000 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული უკრაინის საზღვრიდან და რუსულ არმიას საწვავ-საპოხი მასალებით ამარაგებს.