მედია: საქართველომ გაეროში პოლოლიკაშვილს შესაძლოა მხარი აღარ დაუჭიროს და ემირატებთან შეთანხმდეს

მედია: საქართველომ გაეროში პოლოლიკაშვილს შესაძლოა მხარი აღარ დაუჭიროს და ემირატებთან შეთანხმდეს

The Diplomat-ის თანახმად, საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭიროს და მის ნაცვლად, მხარდაჭერა გამოუცხადოს გაერთიანებული საამიროების კანდიდატს - შეიხა ალ ნოვაისს.

ამას The Diplomat "შოკისმომგვრელ პოლიტიკურ მანევრს" უწოდებს და საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავარაუდო შეთანხმებაზე წერს.

The Diplomat აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯმა საერთაშორისო ტურიზმის საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, რადგან, აღქმული იქნა, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული შეთანხმების ნიშანი.

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას მაშინაც იკავებდა, როდესაც ასამბლეამ რუსეთისთვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 2022 წელს, მისი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

The Diplomat წერს, რომ ეს იყო გაბედული პოზიცია, რომელმაც გაეროს სისტემაში პრეცედენტი შექმნა. ამასთან, აღნიშნავს, რომ მისი ქმედება განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი მორალური პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც რუსეთი არ დათანხმდა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტას.

როგორც The Diplomat წერს, მრავალმხრივ ასპარეზზე უსაფრთხოება და ნდობა პროგრესის უზრუნველსაყოფად მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეთანხმებას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს საქართველოსთვის, რომლის სანდოობაც სერიოზულად შეირყევა იმის გამო, რომ მან უკვე ორჯერ მხარდაჭერა გამოუცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას და ორივე კენჭისყრაში გენერალური ასამბლეის 70%-მაც დაუჭირა კანდიდატურას მხარი.

ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის უარყოფა საპირისპირო გზავნილს ავრცელებს და წევრი-სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მის კანდიდატურას მესამე ვადით მხარს უჭერენ, ნდობას ამცირებს.

"გაეროს სააგენტოები უნდა ისწრაფოდნენ მშვიდობისკენ, სოციალური კეთილდღეობისკენ და შერიგებისკენ - არა დაყოფისკენ. ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, რუსეთის ფედერაციის ჩართვა ეწინააღმდეგება ამ ინსტიტუტების უსაფრთხოებასა და ნდობას", - წერს The Diplomat.