გამოცემა The Washington Post-ის ცნობით, აშშ უკრაინისა და ისრაელის დახმარების გაერთიანების შესაძლებლობას განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლი ამ თხოვნით კონგრესს მომავალი კვირის დასაწყისში მიმართავს.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი მოსახლეობა. ამასთან, ბაიდენი აღნიშნავს, რომ ტერორისტულ თავდასხმას გამართლება არასდროს აქვს და მისი ადმინისტრაციის მიერ ისრაელის უსაფრთხოების მხარდაჭერა მყარი და ურყევია.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.