"მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები 3 კვირაა დაწყებულია" - DRI ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

"მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები 3 კვირაა დაწყებულია" - DRI ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების რეაგირება ანაკლიიდან 4 კილომეტრში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არასაკმარისი და შესაბამისად, არაეფექტიანია.

DRI საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის, ასლან ბჟანიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც 5 ოქტომბერს თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სამხედრო საზღვაო ფლოტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ფიჩორთან, ანაკლიიდან 4 კილომეტრში, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები უკვე სამი კვირაა დაწყებულია. სოფელი ფიჩორი გალის რაიონის დაბალ ზონაში მდებარეობს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ადგილობრივი საკონტაქტო პირების განცხადებით:

  • რუსი სამხედროები, ადგილობრივებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ფიჩორს ექნება ოჩამჩირის დიდი სამხედრო საზღვაო ბაზის დამხმარე ფუნქცია;
  • სამხედრო ბაზის მშენებლობა დაწყებულია;
  • რუსები, მიმდინარე პერიოდში, აქტიურად ატარებენ წვრთნებს, რა დროსაც გამოყენებული იყო დრონების შეტევის იმიტაცია ოჩამჩირის სამხედრო პორტზე;
  • ოჩამჩირის მოსახლეობის განცხადებით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განთავსების პროცესი, რაც, სავარაუდოდ, უკრაინული დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ფლოტის განთავსება ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას.

"მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ამ დრომდე მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის დეკლარირებული პროტესტი არასაკმარისი და არაეფექტიანია", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

DRI საქართველოს მთავრობას შემდეგი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს:

  • საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ ინიციირებული რეზოლუცია „რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ“;
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეების შესახებ;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზაცია საკითხის მნიშვნელობის გარშემო.

***

5 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.

ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".