
ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ დაწერილ ზოგიერთ პოსტს ნანობს.
„ვნანობ ჩემს ზოგიერთ პოსტს დონალდ ტრამპის შესახებ, რომლებიც გასულ კვირას დავწერე. ისინი ძალიან ზედმეტი იყო” – წერს მასკი სოციალურ ქსელში.
ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპმა საბიუჯეტო კანონპროექტს დაუჭირა მხარი. დოკუმენტი მოიცავს საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, თავდაცვასა და მიგრანტების დეპორტაციის დაფინანსებას, ასევე სახელმწიფო ვალის ლიმიტის 4 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას. მასკმა კანონპროექტს „საზიზღარი სისაძაგლე“ უწოდა და გასულ თვეში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა, რომელსაც 129 დღე იკავებდა. მან ასევე განაცხადა, რომ ტრამპის სახელი ფიგურირებს ჯეფრი ეფსტეინის საქმის მასალებში, რის გამოც ისინი არ საჯაროვდება.