ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ამ ეტაპზე სამხედროები ღაზის სექტორზე მასიურ საჰაერო თავდასხმებს ახორციელებენ, ხოლო მათივე თქმით, "მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის" მზადება თითქმის დასასრულს მიუახლოვდა.
"მზად ვართ გავაფართოოთ ქმედებათა არეალი ოპერატიული შეტევითი გეგმების ფართო სპექტრის განხორციელებით. ეს ყველაფერი ერთობლივ, კოორდინირებულ საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო შეტევას მოიცავს", - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.
ცნობილია, რომ ასევე დასასრულს უახლოვდება ასობით ათასი რეზერვისტის გადასროლა და მათი შესაბამისი აღჭურვილობით მომარაგება.
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თავშეყრის ადგილებზე მიტანილია შემდგომი მოქმედების დაწყებისთვის საჭირო ყველა საშუალება. ჯარისკაცები და ბატალიონები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განაწილებულნი და სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან, თუმცა ძირითადი აქცენტი მომავალ ფართომასშტაბიან ოპერაციაზეა გაკეთებული", - IDF.
12 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ღაზის სექტორის მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდეს მომდევნო 24 საათის განმავლობაში ქალაქი დაეტოვებინათ და ევაკუირებულიყვნენ სამხრეთის მიმართულებით. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ნაბიჯი პრევენცია იყო იმ უზარმაზარი სამოქალაქო დანაკარგისა, რომელიც შეიძლება ისრაელის ღაზის სექტორზე შეტევამ გამოიწვიოს.