
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, მისი მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის მამის კომპანია "აფომ" მერიისგან 5,293,214 ლარის ღირებულების 20 ტენდერი და 1,821,626 ლარის 14 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
კერძოდ, განცახდებაში აღნიშნულია, რომ 2014 წელს, დაარსების დღიდან ამირან აფაქიძის კომპანიამ 3,060.144 ლარის ღირებულების 99 ტენდერი მოიგო და 3,289,633 ლარის 42 გამარტივებული შესყიდვაც მიიღო.
აქედან, 41 ტენდერი კომპანიამ კონკურენტის გარეშე მოიგო, 14 შესყიდვა კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიიღო.
"ამირან აფაქიძის შვილის, გიორგი აფაქიძის ბიზნესპარტნირი იყო სენაკის დღევანდელი მერი, ვახტანგ გადელია. მათ 2017 წელს დააარსეს კომპანია "სამშენებლო ჯგუფი". 2019 წელს ვახტანგ გადელიამ თავისი წილი უსასყიდლოდ გადასცა გიორგი აფაქიძეს და ამავდროულად შეიცვალა კომპანიის სახელიც - მას "ვერტისოლი" ეწოდა. შპს „ვერტისოლიც“ აქტიურად მონაწილეობს ტენდერებში და შემსყიდველ ორგანიზაციებს ძირითადად ფარდა-ჟალუზებს აწვდის. 2018 წლიდან დღემდე კომპანიამ ჯამში 1,257,385 ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო, ასევე მიიღო 265,557 ლარის ღირებულების 105 გამარტივებული შესყიდვაც. კომპანიის მფლობელი, გიორგი აფაქიძე ფიქსირდება პოლიტიკურ შემწირველებს შორისაც - 2025 წელს მან პარტია „ქართულ ოცნებას“ 60,000 ლარი შესწირა", - წერს ორგანიზაცია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აცხადებს, ჩნდება ეჭვები სახელმწიფო შესყიდვებში კომპანიის ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს.
ორგანიზაცია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროსა და პროკურატურას შეისწავლონ აღნიშნული შესყიდვები.