ლუკა კურტანიძეს ბრალდება წარედგინა - მას 5 წლის ვადით პატიმრობა ემუქრება

ლუკა კურტანიძეს ბრალდება წარედგინა - მას 5 წლის ვადით პატიმრობა ემუქრება

პროკურატურამ ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტსა და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატს - ლუკა კურტანიძეს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანების და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

კერძოდ, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ კურტანიძემ დაარღვია ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან, ხათუნა მიქაცაძესთან მიახლოება, კომუნიკაცია და მის საცხოვრებელ სახლთან მისვლა. კურტანიძე კი ყოფილი ცოლის სახლთან ორჯერ მივიდა. მეორედ - 25 ივლისს, როცა მან ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, უწყება სასამართლოს კურტანიძისთვის პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

***

ლუკა კურტანიძე 25 ივლისს დააკავეს, მას შემდეგ რაც იგი ქობულეთში, მიქაცაძის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ძალადობის მსხვერპლ ქალს აღენიშნება ტვინის მსუბუქი შერყევა და სხეულზე მრავლობითი დაზიანება. თუმცა, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ლუკა კურტანიძე არ დაუკავებია და არც გამოკითხვაზე გადაუყვანია. პირიქით – სამართალდამცველებმა სცადეს, ტერიტორიიდან თავად ხათუნა მიქაცაძე გაერიდებინათ.

ხათუნა მიქაცაძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მასზე ლუკა კურტანიძემ იძალადა, თუმცა, ის აღნიშნავს, რომ მიმართვის მიუხედავად, ლუკა კურტანიძე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.

"ეს ადამიანი იმუქრება, რომ ‘მე ვარ მთავრობა, მე ვარ სახელმწიფო’, და პოლიციაც ვერ ბედავს რეაგირებას. პოლიციელები მეუბნებიან – იმიტომ, რომ ლუკა კურტანიძეა, მოდი, ნუ გავწირავთო. უკვე მეხუთედ ვითხოვ დახმარებას. მაქვს მოქმედი შემაკავებელი ორდერი, მისამართიც მივეცი, სადაც იმყოფებოდა, მაგრამ ისევ მე დამიძახეს გამოკითხვაზე", - თქვა ხათუნა მიქაცაძემ.