სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილესა და კიდევ 2 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილესა და კიდევ 2 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძესაღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ სასამართლო პროცესზე განაცადა, რომ ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების ან მიმალვის საფრთხე არსებობს.

***

ხაინდრავა და აღნიშნული კიდევ 2 პირი 27 ივლისს დააკავეს.

მათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა და გაფლანგვაში დახმარება ედებათ.

"საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ბრალდებულებმა გაფლანგეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი", - აღნიშნულია პროკურატურის განცადებაში.

დაკავებულებს თავისუფლების 7-დან 11 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრებათ.