არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის წევრი, მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც აეროპორტში რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, 700 ლარით დააჯარიმეს.
მარიამ წიწიკაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ორი მესაზღვრე კონტროლიორი გამოიკითხა, ასევე გამოიკვლიეს ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც წიწიკაშვილმა თავად გაავრცელა.
ადვოკატის თქმით, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
ვიდეოში არსად ჩანს, რომ წიწიკაშვილი რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს შეურაცხყოფას აყენებს.
9 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მარიამ წიწიკაშვილმა რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა და დისკომფორტი შეუქმნა. მომხდარიდან მალევე მარიამ წიწიკაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
ასევე, გაფრენის საშუალება არ მისცეს ირინა გურგენაშვილსაც, რომელიც მარიამ წიწიკაშვილს თან ახლდა, თუმცა მიმდინარე მოვლენებში მას მონაწილეობა არ მიუღია.