გიგაურის თქმით, კითხვები დაუსვეს პირად ანგარიშებთან და საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით

გიგაურის თქმით, კითხვები დაუსვეს პირად ანგარიშებთან და საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით

თბილისის საქალაქო სასამართლოში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა დასრულდა.

გამოკითხვა ე.წ. პირბადეების საქმეს შეეხებოდა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ კითხვები პირად ანგარიშებთან და საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს.

ეკა გიგაურის შეფასებით, ამის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების დაშინებაა, თუმცა ის აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები განაგრძობენ საქმიანობას და მოქალაქეების დაცვას.

"პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კითხვები ეხებოდა იმას, ვეხმარებოდი თუ არა მე პირადად დაჯარიმებულებს. მათ მოიტანეს ინფორმაცია, ჩემი პირადი ანგარიშიდან გადარიცხვებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ანგარიშზე, რომლის მიზანიც იყო ის რომ დაკავებულების ჯარიმები დაფარულიყო და ეს ადარდებთ მათ, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად.

მეორე საკითხი ეხებოდა იმ ჩემ საჯარო განცხადებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეების განმავლობაში, სადაც მე ვსაუბრობ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია დასანქცირდნენ კონკრეტული პირები, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში, წამებაში, კორუფციაში და მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ პირების პასუხისმგებლობა დადგეს და არა საქართველოს მოქალაქეების - ამ განცხადებებთან დაკავშირებით იყო კითხვები.

ასევე, კითხვა შეეხებოდა იმას, რომ ჩვენ გვქონდა კამპანია ნაწამები დაკავებული მოქალაქეების სოლიდარობის მიზნით და ამ კამპანიასთან დაკავშირებით ჰქონდათ მათ კითხვები. ასევე, როგორც ჩანს, პრობლემა იყო 7 თუ 8 ლაბადის ყიდვა აქციების მიმდინარეობის დროს და სხვადასხვა ასეთი კითხვები იყო, რომელიც არ ვიცი, რანაირად უკავშირდება ზოგადად იმ გამოძიებას, რომელსაც ისინი აწარმოებენ.

საერთო ჯამში, აქ ცხადია, რომ საუბარია იმაზე, რომ დააშინონ კიდევ ერთხელ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ხედავენ, რომ მიიღეს ძალიან ბევრი კანონი, რომელიც ზღუდავს ჩვენს საქმიანობას, ახლა უკვე გამოძიებაც დაიწყეს ჩვენი საქმიანობის წინააღმდეგ და ვნახოთ, როგორ განვითარდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების დაცვას", - თქვა ეკა გიგაურმა.