მარანი ოდა: დონორთა გარეშე ვერ შევძლებდით, ქართული ქვევრის ღვინო 4 კონტინენტისთვის გაგვეცნო

მარანი ოდა: დონორთა გარეშე ვერ შევძლებდით, ქართული ქვევრის ღვინო 4 კონტინენტისთვის გაგვეცნო

საოჯახო მარანი ოდა ეწინააღმდეგება რუსული კანონის მიღების ინიციატივას და საკუთარი წარმოების მაგალითზე საერთაშორისო პროგრამების მნიშვნელობაზე საუბრობს.

"რუსული კანონი ჩვენი არჩევანი არ არის. რუსული კანონი მათი არჩევანია, ვისაც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება, შესაბამისად, ეკონომიკურად დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი მოქალაქეების არსებობა აშინებს!" — წერია ოდას განცხადებაში.

საოჯახო მარნის ცნობით, რომ არა საერთაშორისო პროგრამები და დონორები, ვერ შეძლებდნენ 200 ბოთლით დაწყებული წარმოება გაეფართოებინათ და ქართული ქვევრის ღვინო 4 კონტინენტზე 12 ქვეყნისთვის გაეცნოთ.

"რომ არა USAID-ის პროგრამა - Zrda Activity in Georgia, გაეროს ქალთა ფონდის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა და სახელმწიფო პროგრამა - აწარმოე საქართველოსთვის (რომელიც კვლავ საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერით მოქმედებს), საოჯახო მარანი "ოდა" თავისი მწირი რესურსებით ვერ შეძლებდა ღვინის წარმოების გაფართოებას და ვერც ქართულ, ქვევრის ღვინოს გააცნობდა 4 კონტინენტზე მსოფლიოს 12 ქვეყანას.არც ეს, თქვენი საყვარელი რესტორანი იარსებებდა, სადაც უძველეს მეგრულ კერძებს ვიკვლევთ და ვაცოცხლებთ, სადაც ქართულ სამზარეულოს და სტუმარმასპინძლობის საუკეთესო ტრადიციებს ვაცნობთ უცხოელ მოგზაურებს და საერთაშორისო მედიას." — წერია განცხადებაში.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონპროექტის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც, მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.