"მანდატის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოხდება" - იოსელიანი ადიგენში მომხდარზე

"მანდატის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოხდება" - იოსელიანი ადიგენში მომხდარზე

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და ამბობს, რომ მანდატის ფარგლებში "შესაბამისი რეაგირება მოხდება".

"სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა.

სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა დაპირისპირებაში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.

***

გუშინ, 8 მარტს ადიგენის ცენტრში მუსლიმებს პარასკევის ლოცვა ჩაუშალეს. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

კერძოდ, დაპირისპირება იუსუფ მიქელაძის სახლთან მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას ბათუმელებმა გაავრცელა.

სახლის გარეთ ათეულობით პოლიცია და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.

ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, გარკვეული პირები შუღლის გაღვივებას ცდილობენ. მან ახსენა ადგილობრივ მღვდელი. ასევე, განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა გასულ კვირასაც მოხდა.

დეპუტატი ტარიელ ნაკაიძემ პრემიერ ირაკლი კობახიძეს რეაგირებისკენ მოუწოდა.