სახდეპმა უკრაინისთვის $825 მილიონის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა

სახდეპმა უკრაინისთვის $825 მილიონის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა

ხუთშაბათს, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 825 მილიონი დოლარის ღირებულების 3 350 ერთეული გაფართოებული დიაპაზონის თავდასხმითი საჰაერო საბრძოლო მასალის (ERAM) და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა.

კიევი შესყიდვას დანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის დაფინანსებითა და შეერთებული შტატების სასესხო გარანტიით განახორციელებს.

„აღნიშნული შესყიდვა გააუმჯობესებს უკრაინის შესაძლებლობებს, რათა გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს, რადგან იგი აღჭურვილი იქნება თავდაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების მისიების შესასრულებლად“, — ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს (DSCA) განცხადებაში.

სააგენტომ ასევე დასძინა, რომ ეს „მხარს დაუჭერს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს, ევროპაში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური პროგრესის ხელშემწყობი პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესებით“.

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაზე რაკეტების შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა, ხოლო DSCA-მ ამის შესახებ საჭირო შეტყობინება აშშ-ის კონგრესს მიაწოდა, რომელმაც ტრანზაქციაზე თანხმობა ჯერ კიდევ უნდა დაადასტუროს.