უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ხერსონში, კახოვკას ჰესის აფეთქების შემდეგ, მტრის საბრძოლო დანაყოფები ფრონტის სხვა რაიონებში გადაჰყავთ.
"რუსების მიერ კახოვკას ჰესის დანგრევის მიზანი აშკარა ხდება. საკუთარი დანაკარგებისა და შეზღუდული რეზერვების გათვალისწინებით, რუსებმა გააცნობიერეს, რომ შეუძლებელია უკრაინის შეტევის შეკავება სხვადასხვა მიმართულებით. რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობამ გადაწყვიტა, უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიური მოქმედებების შესაძლო გეოგრაფიის "შევიწროება", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მალიარის თქმით, რუსულმა ძალებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური სწორედ იმიტომ დაანგრიეს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ხერსონის მიმართულებით შეტევაში ხელი შეეშალათ.
6 ივნისს, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.