მაკრონმა ხელი მოაწერა საპენსიო რეფორმას - საფრანგეთში საპენსიო ასაკის ზრდა დაკანონდა

მაკრონმა ხელი მოაწერა საპენსიო რეფორმას - საფრანგეთში საპენსიო ასაკის ზრდა დაკანონდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა საპენსიო რეფორმას, რომლის მიხედვითაც საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაიზარდა.

მაკრონმა კანონს საკონსტიტუციო საბჭოს მხრიდან მხარდაჭერიდან რამდენიმე საათში მოაწერა ხელი, რის შემდეგაც საპენსიო რეფორმა ოფიციალურად დაკანონდა.

რეფორმა საფრანგეთში პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

14 აპრილს საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ აქტივისტებმა პარიზში რამდენიმე ადგილას ცეცხლი დაანთეს. პოლიციამ 112 ადამიანი დააკავა.

პროფკავშირები აცხადებენ, რომ რეფორმის წინააღმდეგ პროტესტს გააგრძელებენ და 1-ელ მაისს აქცია დააანონსეს.

პრეზიდენტი მაკრონი აცხადებს, რომ რეფორმა აუცილებელია იმისთვის, რომ საპენსიო სისტემა არ ჩამოინგრეს. მარტში ხელისუფლებამ გამოიყენა სპეციალური კონსტიტუციური უფლებამოსილება რომ კანონში ცვლილებები კენჭისყრის გარეშე დაემტკიცებინათ.

14 აპრილს საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ მწვანე შუქი აუნთო პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სადავო რეფორმას საპენსიო ასაკის ზრდის შესახებ, რამაც ქვეყნის მასშტაბით პროტესტი გამოიწვია.

კანონი, რომელიც სრულ საპენსიო ასაკად 62 წლის ნაცვლად 64 წელს აცხადებს, საფრანგეთში არაპოპულარულია და გასულ კვირებში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

საკონსტიტუციო საბჭოს თქმით, ხელისუფლების ქმედებები შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას, შესაბამისად საბჭომ დაადასტურა სამართლებრივი პენსიაზე გასვლის ასაკის ზრდა.

საბჭომ მიიღო საპენსიო რეფორმის ფუნდამენტური ნაწილები, მათ შორის დასაქმებულთა უმეტესობისთვის საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდა, თუმცა გააუქმა 6 შესწორება.

საბჭომ ასევე უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, კანონის შესახებ სამოქალაქო რეფერენდუმის გამართვაზე.