მაკრონი: საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს

მაკრონი: საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს

საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ადასტურებს.

იგი ამბობს, რომ ამის შესახებ შესაბამის განცხადებას სექტემბერში, გაეროს გენერალური ანსაბლეის სხდომაზე გააკეთებს.

"ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ისტორიული ვალდებულების შესაბამისად, მე გადავწყვიტე, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.

ამ საზეიმო განცხადებას გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე მომავალ სექტემბერში გავაკეთებ.

დღეს გადაუდებელი პრიორიტეტია ღაზაში ომის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შვების მოტანა.

მშვიდობა შესაძლებელია", - წერს მაკრონი.

ამავე განცხადებაში საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, აუცილებელია ისრაელსა და ჰამასს შორის შეწყდეს ცეცხლი და ღაზას სექტორის მოსახლეობას საჭირო დახმარება მიეწოდოს.

იგი ამბობს, რომ "უნდა აშენდეს პალესტინის სახელმწიფო" და ხელი შეეწყოს მის სიცოცხლისუნარიანობას. ხოლო უნდა მოხდეს პალესტინის დემილიტარიზაცია და მან ისრაელის სახელმწიფოებრიობა უნდა აღიაროს.

"ჩვენ გვჭირდება ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა, ყველა მძევლის გათავისუფლება და ღაზას მოსახლეობისთვის მასიური ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ჩვენ ასევე უნდა უზრუნველვყოთ ჰამასის დემილიტარიზაცია, ღაზას უსაფრთხოება და აღდგენა. და ბოლოს, უნდა ავაშენოთ პალესტინის სახელმწიფო, უზრუნველვყოთ მისი სიცოცხლისუნარიანობა და ის, რომ მისი დემილიტარიზაციითა და მის მიერ ისრაელის სრული აღიარებით, ხელს შეუწყობს რეგიონში ყველას უსაფრთხოებას.

ალტერნატივა არ არსებობს.

ფრანგ ხალხს სურს მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. ჩვენი პასუხისმგებლობაა - როგორც საფრანგეთის მოქალაქეების, ებრაელებთან, პალესტინელებთან და ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად - დავამტკიცოთ, რომ მშვიდობა შესაძლებელია.

პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტის მიერ ჩემს წინაშე აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით, მე მივწერე მას, რათა გამოვხატო ჩემი გადაწყვეტილება წინსვლის შესახებ", - წერს მაკრონი.