მაკო გომური ე.წ. კომისიაზე: ორივე მხარე ცდილობდა, ერთმანეთზე შეეწმინდათ სისხლიანი ღამე

რა თქმა უნდა, ვუყურე, მთელი დღის განმავლობაში ვუსმენდი. სიმართლე გითხრათ, არცერთი მომენტი არ ყოფილა, ოდნავ ავღელვებოდი და ნერვებს შევეწუხებინე, იმიტომ რომ, აბსოლუტური ცირკი იყო ჩემთვის, რაღაც სანახაობა, ოღონდ პური რომ აკლია ხოლმე ცოტა, მაგრამ სანახაობა იყო, რომელიც დაგვიდგა ამ ორმა პარტიამ - ეს იყო ქართული ოცნება და გახარიას პარტია და გვაყურებინეს ამ სანახაობას.

რა თქმა უნდა, ახალი არაფერი იყო ნათქვამი. ეს არის ქალი [თეა წულუკიანი], რომელმაც 6 წლის განმავლობაში ვერ დაიმახსოვრა, ჩვენი, დაზარალებულების სახელები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ გარდა, 20 ივნისს ერთი დაზარალებულის სახელი და გვარიც კი არ იცის და არ იცის, დანარჩენებს რა სჭირთ, ვინ რა დაზიანება მიიღო. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვანიჭებ ამას დიდ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ეს იყო ორივე მხარის დანაშაული, რომლებიც ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის გადაებრალებინათ და ერთმანეთზე შეეწმინდათ სისხლიანი ღამე, რომელიც ჩაატარეს 6 წლის უკან.

თქვა 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულმა მაკო გომურმა ფორმულას ეთერში. ის არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას გამოკითხვას გამოეხმაურა.