
მადრიდში, ამერიკულ სკოლასთან ახლოს, მოკლეს უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსანი — ანდრიი პორტნოვი, 51 წლის. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მკვლელობა დღეს დილით, დაახლოებით 09:15 საათზე მოხდა ქალაქის პრესტიჟულ რაიონში — პოზუელო დე ალარკონში.
პორტნოვმა შვილები სკოლაში დატოვა და მანქანისკენ მიდიოდა, როცა მას თავს დაესხნენ. თვითმხილველების თქმით, უცნობმა თავდამსხმელმა რამდენიმე ტყვია ესროლა და მიმდებარედ ტყეში მიიმალა. ვარაუდობენ, რომ მსროლელი მარტო მოქმედებდა.
პორტნოვი წარსულში იყო პარლამენტის დეპუტატი და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მანამდე კი ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს პარტიას წარმოადგენდა, თუმცა 2010 წლის არჩევნების შემდეგ იანუკოვიჩის გუნდში გადავიდა.
2014 წლის რევოლუციის შემდეგ, პორტნოვი უკრაინიდან გაიქცა. 2019 წელს პრეზიდენტ ზელენსკის არჩევის შემდეგ კი დაბრუნდა, თუმცა მალევე ისევ დატოვა ქვეყანა. 2021 წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მას სანქციები დაუწესა.