გუშინ ლონდონში პალესტინის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია გაიმართა - ლონდონის პოლიციის ცნობით, აქციაზე, სულ მცირე, 126 მოქალაქე დააკავეს. CNN წერს, რომ აქციაში 300 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც ლონდონის პოლიცია იტყობინება, მომიტინგეები მაშინ დააკავეს, როცა პალესტინის სოლიდარობის კამპანიის მარშის ბოლოს მათ ფეიერვერკები გაუშვეს, ხოლო ნაწილი ფეიერვერკებისა პოლიციის ოფიცრებს მოხვდათ.
CNN-ის ცნობით, ადგილზე დიდი რაოდენობით იყვნენ პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, სულ მცირე, 9 პოლიციელი დაშავდა, მათგან ორი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.
აქციას გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკიც და ლონდონის ქუჩებში განვითარებული "ძალადობრივი" სცენარები დაგმო. მისი თქმით, ყველა დამნაშავე კანონის უმკაცრესი წესით უნდა დაისაჯოს.