
ბრიტანეთი 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მესამე წლისთავზე, მოსკოვის წინააღმდეგ ახალი, მასშტაბური სანქციების პაკეტს გამოაცხადებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ, 23 თებერვალს განაცხადა.
ლემის თქმით, ეს იქნება ომის დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი, რომლის მიზანიც რუსეთის სამხედრო ძალების დასუსტება და კრემლის შემოსავლის შემცირებაა, რაც უკრაინაში აგრესიის დაფინანსებას უწყობს ხელს.
"ახლა სწორედ ის დროა, როდესაც უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა პუტინის რუსეთზე", – აღნიშნა ლემიმ.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლონდონის მტკიცე სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის, რომელიც მოიცავს წლიურად £3 მილიარდის ($3.78 მილიარდი) გამოყოფას და, საჭიროების შემთხვევაში, ბრიტანელი სამხედროების გაგზავნას სამშვიდობო მისიებში.
"სამხედრო ფრონტს მიღმა, ჩვენ ვიმუშავებთ აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებთან, რათა მივაღწიოთ მდგრად და სამართლიან მშვიდობას. ამ პროცესში კი განუხრელად დავიცავთ პრინციპს, რომ უკრაინის საკითხი ვერ გადაწყდება უკრაინის მონაწილეობის გარეშე", – განაცხადა ლემიმ.