ლომჯარია: რასაც ოცნება აკეთებს, ეს დასავლურ ცივილიზაციაში უპრეცედენტო შემთხვევაა

ლომჯარია: რასაც ოცნება აკეთებს, ეს დასავლურ ცივილიზაციაში უპრეცედენტო შემთხვევაა

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება.

ლომჯარიას თქმით, ის, რასაც მმართველი პარტია აკეთებს, დასავლურ ცივილიზაციაში უპრეცედენტო შემთხვევაა. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.

"ის ცალსახა განაცხადი, რაც ევროკავშირის საბჭომ გააკეთა, რომ საქართველოს ვანიჭებთ გაწევრიანების პერსპექტივას, სტატუსთან ერთად ჩვენ ხომ პერპსექტივაც მოგვენიჭა, რომ თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი, შეიძლება ეს პოლიტიკური განაცხადა წაიღონ უკან. უპრედენტო რამ შეიძლება მოხდეს. ის, რაც ხდება საქართველოში დღეს, რასაც აკეთებს ქართული ოცნება, ეს არის დასავლურ ცივილიზაციაში უპრეცედენტო შემთხვევა.

მებრალებიან ისინი [ქართული ოცნება], ადამიანურადაც მებრალებიან ეს ადამიანები, იმიტომ, რომ მათაც არ აქვთ არჩევანი. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ჩემზე ხანგრძლივი ისტორია აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის, განსაკუთრებით პაპუაშვილს და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს სპიკერებად გვევლინებიან ამ პროპაგანდის საქმეში, სწორედ ისინი ამტკიცებენ, რომლებსაც 10, 17 წელია უმუშავიათ საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათ დაფინანსებულ პროექტებში, რომ თურმე, აგენტები ყოფილან, საკუთარ წარსულს აყენებინეს ვიღაც შეურაცხყოფას. ეს გადაწყვეტილება მათ, ალბათ, არც მიუღიათ", - ამბობს ლომჯარია.

***

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა 3 აპრილს გააჟღერა.

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.