სამოქალაქო პლატფორმის, საქართველოს ევროპული ორბიტის დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ წამების მსხვერპლი და შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი დააკავა.
მისი მეგობრებისთის უცნობია, თუ სად გადაიყვანეს ჯვარშეიშვილი.
ჯვარშეიშვილი 1-2 დეკემბრის ღამესაც დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თავად ამბობს, პოლიციელები გაუპატიურებითაც დაემუქრნენ.
პოლიციელების მხრიდან ცემის შედეგად ჯვარშეიშვილმა ტვინის შერყევა მიიღო, ნაღრძობი ჰქონდა ფეხი, მოტეხილი ჰქონდა ნეკნები. მას ასევე ჯიბიდან ამოუღეს მობილური ტელეფონი და საფულე.
ამასთან, დღეს, პოლიციამ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციის სამმართველოსთან 10-მდე ადამიანი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად, აქციის მონაწილეებმა სამმართველოსთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პოლიციამ აქტივისტი თათია აბულაძე დააკავა.
სამმართველოსთან ციალა ქათამიძე დააკავეს, რომელიც პროტესტის ნიშნად პლაკატს აკრავდა. მისი დაკავების შემდეგ ვაჟა დარჩია დაიჭირეს, რომელმაც დასვა კითხვა, რატომ აკავებდნენ ციალა ქათამიძეს. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ დააკავეს ბათუმელი სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელმაც, აქციის მონაწილეების თქმით, ასევე პროტესტის ნიშნად ასფალტზე დააკრა პლაკატი.