რუსული კანონის ინიციირების გამო, გაეროს სპეციალური მომხსენებელი, მერი ლოლერი შეშფოთებას გამოთქვამს.
მისი თქმით, თბილისში ვიზიტისას მან მიიღო დაპირება, რომ მსგავსი კანონი არ იქნებოდა მიღებული. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"მე ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოღებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვიზიტისას მივიღე დაპირება, რომ მსგავსი კანონი არ იქნებოდა მიღებული", - წერს ლოლერი.
რუსული კანონის მძიმე შედეგებთან დაკავშირებით, გაეროს სპეციალური მომხსენებლი მის მიერ მომზადებულ კრიტიკულ ანგარიშშიც საუბრობს.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.