
"ავტოკრატიის საგანგაშო სიგნალები საქართველოდან", - ასე აფასებს ამერიკული ორგანიზაცია ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი და ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ლინდერმანი ქართული ოცნების მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს.
ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდგომ ქართული ოცნების მხრიდან კანონების გამკაცრებაზე, მანიფესტაციებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდაზე დასმული კითხვის პასუხად, ის ამბობს, რომ:
"აქ არაფერია ისეთი, რაც კარგად გამოიყურება. პირველ ყოვლისა, ხედავთ პროტესტის მასშტაბს, მის სპონტანურ ხასიათს. ის არჩევნებზე მეტად, უშუალოდ ევროპული ინტეგრაციის შეჩერების საკითხზე განცხადებამ გამოიწვია. რაც აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისკენ სვლა ქართველებისთვის. არსებობს რეალური შეკითხვები მთავრობის ლეგიტიმურობის შესახებ. ბევრმა ქვეყანამ დასავლეთში უარი თქვა მთავრობის ლეგიტიმურობის ცნობაზე. მეორე მხრივ, სრულად არ გაუწყვეტიათ ყველანაირი კავშირი Მასთან. პროტესტი კი გრძელდება დიდ და პატარა ქალაქებში. იქნება ეს რუსთავი, ოზურგეთი, ბათუმი, ქუთაისი თუ თბილისი. ეს აჩვენებს, რამდენად ფართოდაა გავრცელებული ის.
და კიდევ ერთი რამ, რაც ჩემთვის ასევე ძალიან ცხადი გახდა, ისაა, რამდენად არაა ეს პროტესტი დაკავშირებული ტრადიციულ პოლიტიკურ პარტიებთან, რამდენად სპონტანურია და რამდენად პირდაპირ ხალხისგან და ახალგაზრდებისგანაა აღმოცენებული.
ვფიქრობ, ვხედავთ გარკვეულ პოლიტიკურ ჩიხს, სადაც მთავრობას სურს უფრო და უფრო მეტი წნეხი, პროტესტის შევიწროება, იქნება ეს ცემა თუ სხვა და შემდეგ ზოგ მომენტში ამ ზომების შემსუბუქება იმის სანახავად, ჩაცხრება თუ არა ეს ყველაფერი. მეორე მხრივ, არსებობს პროტესტის ბირთვი... თუმცა არც ისე ცხადია, როგორ წარიმართება მოვლენები", - ამბობს ის.
ჟურნალისტმა მას მზია ამაღლობელის შესახებაც ჰკითხა, რაზეც ლორა ლინდერმანი ამბობს, რომ "ვხედავთ სიგნალებს, რომლებიც წითლად ციმციმებს და მიუთითებს, რომ კონსოლიდირებული კონტროლის, ავტოკრატიისკენ მივდივართ, დემოკრატიისგან შორს".
"ვფიქრობ, ვხედავთ სიგნალებს, რომლებიც წითლად ციმციმებს და მიუთითებს, რომ კონსოლიდირებული კონტროლის, ავტოკრატიისკენ მივდივართ, დემოკრატიისგან შორს. თუკი ვინმე ახლა კავკასიას შეხედავს, უკვე ვეღარ იტყვის, რომ ის [საქართველო] ლიდერია დემოკრატიაში, დემოკრატიის შუქურაა კავკასიაში. ვიტყვით, რომ სომხეთს უფრო სურს ახლა დემოკრატიისკენ სვლა, და არა - საქართველოს. ძალიან, ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, როგორ ცდილობს მთავრობა მარწუხების მოჭერას და სხვადასხვა ტიპის თავისუფლების შეზღუდვას", - ამბობს ლორა ლინდერმანი.