ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა: იმედი მაქვს, ჩვენი ბრძოლა რაღაც შედეგს გამოიღებს

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა: იმედი მაქვს, ჩვენი ბრძოლა რაღაც შედეგს გამოიღებს

"ლაზარე ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც სამშობლოზე გული შესტკივა, მზად არის, რომ სამშობლოს გულისთვის თავი გაწიროს", - ამის შესახებ მარტის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ პოლიტმეტრის ეთერში ისაუბრა.

მისი განცხადებით, იმედი აქვს, რომ საზოგადოების ბრძოლა ლაზარეს გათავისუფლებისთვის შედეგს გამოიღებს.

"რატომ ამოირჩიეს ვერ გეტყვით, ალბათ, ჩაცმულობა არ მოეწონათ, თუ რა არ მოეწონათ არ ვიცი. ეს კიდეც გააჟღერეს, რომ ჩაცმულობა არ მოეწონათ, თმა რომ ჰქონდა შეღებილი, ეს არ მოეწონათ, გამოარჩიეს ამით, რომ ჩირქი მოეცხოთ. ძალიან დიდი მადლობელი ვარ საზოგადოების, ახალგაზრდობის და თქვენი, ჟურნალისტების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, რომ ლაზარეს მხარში უდგახართ და მე იმედი მაქვს, რომ ეს თქვენი ბრძოლა და ჩემი ბრძოლა რაღაც შედეგს გამოიღებს", - ამბობს ის.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ლაზარეს ჯილდოს სახით ინახავს "რუსული ოცნება" და ის მძევლად ჰყავთ აყვანილი.

25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო ბექა გრიგორიადისის მანქანის დაზიანებაშიც და ამისთვის სასჯელის სახით 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.

საუბარია 2021 წლის საქმეზე, სადაც ლაზარე გრიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და მისი კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებას ედავებოდნენ.

მარტის აქციაზე დაკავების შემდეგ, პროსახელისუფლებლო ტელეკომპანია POSTV-იმ გრიგორიადისის ფოტო გამოაქვეყნა აღწერით "წარსულში მამის მიმართ ძალადობაზე ნასამართლევი, ხოშტარიას პარტიის წევრი".

მოგვიანებით ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, გავრცელებულ ინფორმაციას ფეისბუქზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი შვილის გაშავების პროცესი მიმდინარეობს.

მამამ შვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა რადიო თავისუფლებასთანაც და თქვა, რომ წარსულში "პატარა ოჯახური შელაპარაკება" ჰქონდათ, თუმცა საკითხი ამოწურულია.

***

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული".