ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა.
ლავროვმა შამბას ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღე" მიულოცა და "საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებაში" დახმარებას დაჰპირდა.
"გავაგრძელებთ აფხაზეთის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში... გავაგრძელებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცების კუთხით, შეთანხმებების შესაბამისად. [...]
ჩვენ ვიკავებთ პრინციპულ პოზიციებს ჟენევის დისკუსიებზე ამიერკავკასიასთან მიმართებით და ხელს ვუწყობთ შეთანხმებებს, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, სტაბილურობას ამ რეგიონში რეალობის აღიარების საფუძველზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ჩათვლით", - თქვა ლავროვმა.
მანამდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით "2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება".
28 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს "მეზობელ ქვეყნებთან" - აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, "თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით". თავის განცხადებაში ლავროვმა ქართული ოცნება ისევ შეაქო.
მეორე დღეს აღნიშნულ განცხადებას განცხადებას ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე გამოახმაურა და აღნიშნა, რომ "ხელისუფლება მას პოზიტიურად აფასებს". კალაძემ ასევე თქვა, რომ "[რუსეთის] განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა".
ამავე დროს, რუსეთში განმარტეს, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას არ განიხილავს.