ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, კრიშიანის კარინში იმედოვნებს, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი გადაეცემა. ამის შესახებ მან ბრიუსელში განაცხადა.
"ველოდები, რომ ამ კვირაში საქართველოს გადაეცემა კანდიდატის სტატუსი. ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ცხადია, რომ არამხოლოდ ხალხს სურს ძალიან ევროკავშირის წევრობა, არამედ მთავრობისგანაც ძალიან ძლიერი სიგნალია. ეს ძალიან პოზიტიურია და ჩვენი მხრიდან, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავეხმაროთ ქვეყანას რეფორმების გზაზე.
რაც შეეხება უნგრეთის პოზიციას უკრაიანასთან დაკავშირებით, ეს გამოწვევაა, ეს ხაზს უსვამს, რა გზით ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ეს ერთიანობაა. ეს მოლაპარაკებების საკითხია და ვიმედოვნებ, მომდევნო დღეებში ვილაპარაკებთ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე ბატონ ორბანთანაც. ევროპაში ბევრი შიდა გამოწვევა გვქონია, ვფიქრობ, ყველა გამოწვევას დავძლევთ", - ამბობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
5 დეკემბერს, რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.
14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 15 დეკემბერს, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.