ქურდოვანიძე: გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ ბიულეტენზე ჩანდა შავი წრე, თუმცა არ აღიარებს

ქურდოვანიძე: გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ ბიულეტენზე ჩანდა შავი წრე, თუმცა არ აღიარებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა სასამართლო სხდომაზე ხმის ფარულობის დარღვევაზე ექსპერიმენტის ჩატარებისას დაინახა, რომ ფურცლის უკანა მხარეს შავი წრე გამოჩნდა, თუმცა მისი თქმით, მოსამართლე ამას არ აღიარებს.

"სასამართლო განსაკუთრებული მონდომებით ეცადა, რომ ექსპერიმენტი ხელოვნური შეზღუდვებით ჩაეტარებინა და ჩაატარებინა ცესკოს დახელოვნებულ სპეციალისტებს, ანუ იმ ხალხს, ვინც სხვას ასწავლის ბიულეტენის აპარატში მოთავსებას. გარდა ამისა, მან ბიულეტენი მოათავსა ყუთში იმგვარად, რაც აცდენილი იყო იმ სწავლებასთან, რასაც ცესკო არჩევნებამდე იყენებდა.

ამის შემდგომ, ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე. თუმცა, ის ამას არ აღიარებს", - წერს ნონა ქურდოვანიძე Facebook-ზე.

ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვა მიმდინარეობს. მოსამართლეთა კოლეგია სადამკვირვებლო ორგანიზაციების - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კოალიცია ჩემი ხმის საქმეებს განიხილავს.

ცოტა ხნის წინ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) თავმჯდომარე ეკა გიგაურმა Facebook-ზე დაწერა, რომ ექსპერიმენტის ჩატარებისას დიმიტრი გვრიტიშვილის ფურცლის უკანა მხარეს შავი წერტილი გამოჩნდა.

ეკა გიგაურის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტები ექსპერიმენტს "არ მიაკარეს" და ვიდეოს გაღების საშუალება არ მისცეს.