ხვალ კულტურის სამინისტროში კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართება

ხვალ კულტურის სამინისტროში კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართება

ხვალ, 29 სექტემბერს, 16:00 საათზე კულტურის სამინისტროში კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართება. ამაზე ინფორმაცია თავდაპირველად კულტურის სამინისტრომ გაავრცელა, მოგვიანებით კი კონსერვატორიაშიც დაადასტურეს.

სამინისტროში ამბობენ, შეხვედრაზე მიწვეული იქნებიან ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელები და სხვა წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, შეხვედრას გაუძღვება მინისტრის მოადგილე და სამინისტროს საპარლამენტო მდივანი, იოსებ ბაღათურია, რომელიც, როგორც ამბობენ, სხვებთან ერთად კურირებს სამართლებრივ საკითხებს და სამინისტროს წარმოადგენს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. შეხვედრაზე, ასევე, იქნება სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, გუგა მირიანაშვილი.

"როგორც გუშინდელ საჯარო განცხადებაში ითქვა, სამინისტრო მზად არის, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რათა კონსერვატორიამ უმოკლეს ვადაში შეძლოს რექტორის არჩევნების ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით", - წერს უწყება.

კონსერვატორიის განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ რექტორმა, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ნანა შარიქაძემ გამოთქვა მზადყოფნა, ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად. მათივე თქმით, სამინისტროსგან რექტორის დისტანციურად შეხვედრაში ჩართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასტურს ელოდებიან.

***

26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. მინისტრის ბრძანებით გაუქმდა არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება.

20 სექტემბერს მინისტრის საათზე კულტურის მინისტრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში "რეფორმით" დაიმუქრა. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი "ხარვეზია" და არ დამალა, რომ ცვლილებებს გეგმავს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს. შარიქაძე ერთ-ერთია, ვინც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.