![აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორად ტულსი გაბარდი დაინიშნა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/b3286c4e-83fc-427e-bb32-5b475570fd73.jpg)
ევროპარლამენტმა რეზოლუციის პროექტი სრული შესწორებებით წარმოადგინა, რომელსაც ხვალ კენჭს უყრიან. დოკუმენტში მოხსენიებულია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები და ახლო გარემოცვა.
დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და წევრ ქვეყნებს სანქციების დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ქსელს, ელიტარულ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ ოპერატორებს, პროპაგანდისტებსა და რეპრესიული სახელმწიფო აპარატის ხელშემწყობებს, მათ შორის: ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილს, გოჩა ენუქიძეს.
ასევე, პროექტში საუბარია პოლიტპატიმრებზე, მათ შორის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პოლიტიკურ პატიმრობაზე.
"12 იანვარს ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააკავა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და შიმშილობს საქართველოს ყველა პოლიტპატიმრის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება".
დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას, რომ დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკანდახევაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე. საუბარია ქართული ოცნების ლიდერებზე, როგორებიც არიან: პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე, და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.
ევროპარლამენტის დოკუმენტში, რომელსაც ხვალ კენჭი უნდა უყარონ საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, რომლებიც "იღებენ პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენსა და სამართალდამცავი სამსახურების წარმომადგენლებს, აგრეთვე ფინანსურ ხელშემწყობებს, რომლებიც ჩუმად ან ღიად უჭერენ მხარს რეჟიმსა და რეჟიმთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებს, მათ შორის TV Imedi-ს, Pos TV-ს და Rustavi 2-ს".
ევროპარლამენტის სარეზოლუციო დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი ინარჩუნებს მოსაზრებას, ევროკავშირის მიერ აქამდე მიღებული ზომები დემოკრატიის აშკარა უკანდახევისა და წინა ვალდებულებების უგულებელყოფის საპასუხოდ ჯერ კიდევ არ ასახავს საქართველოში არსებული სიტუაციის სიმძიმეს და ბოლო მოვლენებს.
"დამოუკიდებელი მედია, მათ შორის ტელეკომპანია ფორმულა, ტელეკომპანია მთავარი და ტვ პირველი რეჟიმის ჩარევის გამო, სისტემატური შევიწროებისა და დაშინების, ასევე მძიმე ოპერაციული და ფინანსური შეზღუდვების წინაშე დგანან, მედიის ათობით წარმომადგენელი კი სხვადასხვა სახის ინტენსიურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ექვემდებარება. დაფიქსირებულია არაერთი ძალადობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე, მათ შორის ალექსანდრე ქეშელაშვილზე, მაკა ჩიხლაძეზე, გიორგი შეწირულზე, მათი სასტიკი ცემა და დაკავებული ჟურნალისტის, საბა ქევხიშვილის შევიწროება", - წერია რეზოლუციაში.
ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ მოწოდებას იმის შესახებ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, მოიწვიოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რათა წარმოადგინოს საქართველო ევროპის საბჭოს მომავალ სხდომასა და ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მომავალ სამიტზე.