ხოშტარიას წერილი იზოლატორიდან: ყბებსა და კბილებზე დაზიანებები მომაყენეს

ხოშტარიას წერილი იზოლატორიდან: ყბებსა და კბილებზე დაზიანებები მომაყენეს

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილს აგზავნის, რომელიც პარტია დროა აქვეყნებს.

პოლიტიკოსის წერილში ნათქვამია, რომ მას "ყბებსა და კბილებზე დაზიანებები მიაყენეს".

ხოშტარიას წერილში ვკითხულობთ, რომ მას პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით "ხელები შეუკრეს, ეჭიდავეს და სრულად გააშიშვლეს".

"ყოველთვის ვერიდები ჩემი პირადი ემოციების ან შემთხვევების საზოგადოებისთვის თავს მოხვევას. განსაკუთრებით, როდესაც უამრავი ახალგაზრდაა რეჟიმის და წამების მსხვერპლი.

ამასთანავე, ამჯერად გადავწყვიტე, გაგიზიაროთ, ჩემი დაკავების დროს ჩადენილი დანაშაული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, მე თუ ასე მომექცნენ, უამრავ ადამიანს კიდევ უფრო უარესად შეიძლება მოეპყრონ. ეს არც სიახლეა და არც გასაკვირი, თუმცა, ასეთ შემთხვევებში, საჯაროდ საუბარი სოლიდარობა და ერთმანეთის დაცვა არის ბრძოლის იარაღი.

მოკლედ, დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში (რამიშვილზე „შუშებიანში“), პოლიციელებმა ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა, მას შემდეგ, რაც თანამშრომლობაზე ვუთხარი უარი, ზურგისკენ ხელები ბორკილებით მჭიდროდ შემიკრეს. შემდეგ ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა ყბებსა და კბილებზე მომაყენეს დაზიანება. არ შეგარცხვინეთ მეგობრებო, „ოლე, ოლას“ სიმღერით მაგრად ვაწვალე და ვერც ვერაფერი დამაკლეს.

კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით, ისევ უკან შემიკრეს ხელები. ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს. ეს ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკა არის ადამიანის ღირსების შელახვისა და მათზე ფიზიკური ძალადობის უღირსი რუსული საძაგელი მეთოდი.

აქაც მაგრად ვაწვალე, მაგრამ წარმოვიდგინე ყველა ის დაუცველი და გამოუცდელი ადამიანი, ვინც ამათ ხელში ვარდება. ზოგს ამაზე საუბრის ეშინია, ზოგს რცხვენია. ცხადია, სენსიტიურია ამ დეტალებზე საუბარი. თუმცა, აუცილებელია ვისაუბროთ, ბოლომდე მივყვეთ, დავსაჯოთ და აღმოვფხვრათ ადამიანის მიმართ ასეთი მოპყრობა.

კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენი პრობლემის ფონზე, ჩემს თავზე გესაუბრებით, მაგრამ ჩავთვალე, რომ საქმეს ასე სჭირდება და ჩემს პირად დისკომფორტს გადავაბიჯე.

კარგად ვარ, მე რა მიჭირს, რამდენი უდანაშაულო ადამიანია გამომწყვდეული ციხეში თვეებია.

მადლობა მხარდაჭერისთვის!", - წერს ხოშტარია წერილში.

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მას გზის გადაკეტვას ედავებიან.

კოალიცია ცვლილებისთვის წევრის ადვოკატის, თეონა ზაქარაშვილის თქმით, ხოშტარიას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ამ დროისთვის უცნობია, როდის იმსჯელებს სასამართლო ელენე ხოშტარიას უკანონოდ დაკავების საქმეზე.

ელენე ხოშტარია, 28 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.